სასულიერო პირი ქესალოს მოსახლეობას მიწით სარგებლობის უფლებას არ აძლევს და ფულის გადახდას სთხოვს - EMC

პუბლიკა

„სოფელ მეორე ქესალოში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი გლეხები სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას ითხოვენ”, – ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

მათი ცნობით, უკვე მეოთხე დღეა სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.

„ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჩვენთან აცხადებენ, მათ მამა არსენი უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ.

სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის.  გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს.

ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია  პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ.

სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს სახელმწიფოს:

► გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი;

► სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა  მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები.

► ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ”, – აცხადებს EMC.