სასულიერო პირის მიერ ჟურნალისტის მისამართით განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს სასულიერო პირის მიერ ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მისამართით გაკეთებული განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის – ირაკლი ვაჩიბერაძის განმარტებით, მისი მისამართით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად, თუ როგორ ყიდდნენ ბზებს. საპასუხო ვიდეომასალაში, სასულიერო პირი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუწოდებს.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობის უკანონო ხელშეშლისაგან.

************

ქუთაისის სამების ეკლესიის დეკანოზმა ილია კარკაძემ თავის მრევლს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ეკლესიიდან გაძევებისა და გაკოჭვისკენ მოუწოდა. „ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ! არ დაგემორჩილებათ? – დაიმორჩილეთ!“, – მიმართა ეკლესიაში შეკრებილებს სასულიერო პირმა, ჟურნალისტს გადაღება აუკრძალა და პატრულის გამოძახება მოითხოვა.