სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე, 1 აპრილამდე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.


დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 46 პირი.