სასწავლო ვარჯიშის გამო „სადგურის მოედნის“ ტერიტორია გადაიკეტება - საგანგებოს განცხადება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“.

სამსახურში ამბობენ, რომ სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან – „წერეთელი“ და „ნაძალადევი“ მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება.

განცხადების მიხედვით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.

„სწავლება უწყებათშორისია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მასში ჩართული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები”, – ნათქვამია განცხადებაში.