„ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპარლამენტარების განცხადებას.
„ევროკავშირის პარლამენტარების დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას.
სასწორზე დევს, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.
ოპოზიციამ ბნ. დანიელსონის 5-პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა „ქართული ოცნებისგან“ არ მიგვიღია…
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ოცნება” არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით შეთანხმების მიღწევით.
„ლელო “და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად.
რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა. „ლელო“ კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. „ლელო“ მზადაა, თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად.
მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი.