ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
„სასწრაფოს არცერთი ფილიალი არ გაჩერებულა, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა, დავაზუსტო და ხაზგასმით ვთქვა, რომ სასწრაფო დახმარების არცერთი ეკიპაჟი არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენს ცენტრს ჰყავს საკმარისი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ჩანაცვლება და დამატებითი ბრიგადის მობილიზება.
აქედან გამომდინარე, მინდა ყველა დავამშვიდო, მოსახლეობა, თითოეული ჩვენგანი, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების საფრთხე ქვეყანაში არ არის და არც იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტიძემ.
სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი სრულად აღჭურვილი და დაცული დადის გამოძახებებზე. რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებია პაციენტთან კონტაქტისას დაინფიცირების შანსი, ასევე სამედიცინო პერსონალიდან პაციენტზე გადადების შანსიც.
„ყველა ის პირი, ეს იქნება პაციენტი, თუ სამედიცინო პერსონალი, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება, ყველა არის იდენტიფიცირებული”, – ამბობს ამირან გოგიტიძე.