„ვითხოვთ ხელფასის მატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს" - სასწრაფოს თანამშრომლები აქციას მართავენ

პუბლიკა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დღეს ხელფასების მომატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც ისინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, დანამატები, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იღებდნენ, მოეხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო დატვირთვა არ შემცირებულა. მათივე თქმით, პანდემიისას მიღებული დანამატი მათი ისედაც დაბალი ანაზღაურების ერთგვარი დაბალანსება იყო. მათივე თქმით, დანამატის მოხსნას თან დაერთო ინფლაციაც, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება, გაწეული შრომის ფონზე, მიზერული გახდა.

„დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. აღნიშნულის წინაპირობა გახდა პანდემიასთან ორწლიანი ბრძოლის შემდგომ ინფლაციით გაუფასურებული ხელფასი და დანამატის მოხსნა, რომლითაც გარკვეულწილად კომპენსირდებოდა ჩვენი შემოსავალი.

აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დავდექით ანაზღაურების შემცირების წინაშე, დედაქალაქის სასწრაფოს დატვირთვა კი არანაირად არ შემცირებულა. დედაქალაქის სასწრაფოს აქვს თავისი სპეციფიკა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად იმატა მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვა აქტივობებმა, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში.

გამოძახებების რაოდენობა რომ არ იკლებს, ამის შეფასება სტატისტიკით ძალიან მარტივია. ჩვენ გავიარეთ ორკვირიანი მოლაპარაკების პერიოდი, ჩატარდა ოთხი შეხვედრა ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა რაიმე კონკრეტული პასუხი დათქმულ ვადაში ვერ მივიღეთ.

ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი პროტესტის გზა აქციების სახით, მივმართავთ ყველას, ვისაც ეხება ჩვენი საკითხის მოგვარება, მათ შორის პარლამენტსა და მთავრობას, პრემიერს, გაეცნონ და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. ეს არის სამსახური, რომელიც ყველა ექსტრემალურ, საგანგებო სიტუაციაში, ომიანობის თუ მშვიდობიანობის, უქმე, დღესასწაულების დღეებში თუ სტიქიური უბედურებისას დგას წინა ხაზზე  – 365 დღე წელიწადში, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.

ასევე პასუხისმგებელია ადამიანის, როგორც ინდივიდის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. აქ დასაქმებულთა მხრებზე დიდი პასუხისმგებლობაა, ვეწევით მძიმე ფიზიკურ, გონებრივ თუ ფსიქოლოგიურ შრომას. ჩვენ არ გვაქვს არც სპეცსამსახურის სტატუსი, არ ვსარგებლობთ არანაირი შეღავათით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთაღნიშნული და დააკმაყოფილოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები”, – ნათქვამია განცხადებაში.