თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მან მიიღო სატელიტიდან გადაღებული კადრები, რომელზეც ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს იპოვეს.
მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში აჩვენა კადრები, რომლებიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და ჩანს ის ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა უნდა იყოს, თუმცა 19 და 20 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე ავტომობილი არ ჩანს.
„გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იშრომეს, ბევრი ვიბრძოლეთ და მე მაქვს სატელიტის გადაღებული 19 ივლისი და 20 ივლისი, შეძლებისდაგვარად რაც მოვახერხეთ. იმ კოორდინატებზე ავტომობილი არ დგას. აი ზუსტად ის წერტილია, ის ადგილმდებარეობაა. ეს მომივიდა 15 წუთის წინ“, – თქვა რამიშვილმა, თუმცა არ დაასახელა ის პირები, ვინც მისი თქმით, სატელიტური კადრები მიაწოდა.
რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, რამიშვილის თქმით, მოღრუბლული ამინდის გამო შეუძლებელია დადგენა 18, 21 და 22 ივლისს იყო თუ არა იქ ბაჩალიაშვილის მანქანა. რამიშვილმა ამ დღეებში გადაღებული კადრებიც აჩვენა გადაცემის წამყვანებს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავისსავე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კი მიიჩნევენ, რომ მათი შვილი თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.