სატელიტური ფოტოების ანალიზით განჯას აეროპორტში 2 თურქული გამანადგურებელი ჩანს - The New York Times-ის ჟურნალისტი

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ვიზუალური გამოძიებების გუნდის წევრი კრისტიან ტრიებერტი წერს, რომ 3 ოქტომბერს განჯას აეროპორტში მინიმუმ 2 თურქული გამანადგურებელი F-16 იდგა.

„განჯას აეროპორტში სულ მცირე ორი F-16-ია, სავარაუდოდ სატვირთო თვითმფრინავის CN-235-ის გვერდით. თვითმფრინავების ყოფნა Planet Lab-ის 3 ოქტომბერს გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზით დგინდება. გამანადგურებლებს სავარაუდოდ თურქეთის საჰაერო ძალები უწევს ოპერირებას“, – წერს კრისტიან ტრიებერტი.

The New York Times-ის ჟურნალისტის მიხედვით, სატელიტურ ფოტოებზე ასახულ თვითმფრინავებს შეადარეს სხადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის, ისინი, რომლებიც აზერბაიჯანის საჰაერო ძალებს ჰყავს – MiG-21, MiG-29, Su-25 და L-39, თუმცა ყველაზე მეტად თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილ F-16-ებს ჰგავდნენ.

სატელიტური ფოტოების ანალიზით აეროპორტში ჩანს კიდევ ერთი თვითმფრინავიც, რომელიც კრისტიან ტრიებერტის მიხედვით, სატრანსპორტო ხომალდს ჰგავს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, CASA/IPTN CN-235 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი უნდა იყოს, რომელსაც ასევე თურქეთის საჰაერო ძალები იყენებს“, – წერს ჟურნალისტი Twitter-ზე.

The New York Times-ის ჟურნალისტი წერს, რომ თურქული თვითმფრინავების განჯას აეროპორტში დაფიქსირება არ გულისხმობს, რომ სომხური Su-25 მართლაც თურქულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო, როგორც ამას ერევანში ამტკიცებენ. თუმცა, გამანადგურებლების აზერბაიჯანში ყოფნა, მთიანია ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე მიანიშნებს.

კრისტიან ტრიებერტი ასევე წერს, რომ ივლისში თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნების დროს, ანკარამ სწავლებაში თავისი გამანადგურებლებიც ჩართო. წვრთნებისას, ივლისში გადაღებულ კადრებში, განჯას აეროპორტში მდგარი 5 F-16 ჩანს.