სატრანსპორტო რეფორმა 2023 წლისთვის დასრულდება | კალაძე

პუბლიკა

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაანონსებული, დაწყებული და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება  – ავტობუსების ჩანაცვლება და განახლება, ინფრასტრუქტურის შექმნა საგზაო მიმართულებით, ახალი მარშრუტების გადალაგება”, – განაცხადა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ის ამბობს, რომ სატრანსპორტო რეფორმა  2023 წლისთვის იქნება დასრულებული. ამჟამად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი.

კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს დედაქალაქში.

„ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსთან მიმართებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით აქამდე თუ ქალაქს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება ახალ მიკროავტობუსებზეც.