საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა | წულუკიანი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადიციაზე შეკითხვას უპასუხა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი სამართლებრივი უაზრობაა.

„სამართლებრივ ტერმინებს ნუ აურევთ. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს. საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რათა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არანაირი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია. არ არსებობს მაინც სამართლებრივი მიზანშეწონილობა. ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.