„საუბარი შეეხო ანტიევროპულ რიტორიკას" - პრეზიდენტი ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას შეხვდა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.

„შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილიზაციასა და ჩართულობას.

დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, აქ მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს, ვეტოს დაადებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო, ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად ანტიდასავლურ რიტორიკას.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის დაფინანსების და წვრთნების გაყინვის, რუსეთისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლა გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ქართველ ხალხს სჭირდება, იგრძნოს მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან.