საუბარი უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში, მომდევნო დღეებში ფორმატს ჩამოვაყალიბებთ - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა.

„ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები.

და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი.

ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო.

მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია“, – განაცხადა მან.

პრეზიდეტის განხცადებით, წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ყველამ, ვინც სასახლეში მივიდა, შეძლო სასაუბროდ დაჯდომა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეუძლია.

„არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს. ცხადია კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.