საუბარია, რომ არა სამარცხვინო, არამედ სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული – კობახიძე

პუბლიკა

„უბრალოდ, სამარცხვინო ფილმია“ – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კინოცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჰკითხეს. მან თქვა, რომ კინოცენტრის დაფინანსებულია სწორედ სალომე ჯაშის ფილმი, რომელიც „სამარცხვინო და აბსურდულია“.

„უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ფილმი. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ სამარცხვინო ფილმია, რომელიც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა? რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი,  რომლის ანალოგი არ არსებობს. ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ, სამარცხვინოა.

ნუ, ეს ფილმი არის, უბრალოდ, სამარცხვინო. სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ.

…როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერანაირი ახსნა და ვერაირი გამართლება ვერ ექნება. უნიკალური დენდროლოგიური პარკი… და  როცა ამას აქილიკებ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფულით, სამარცხვინოა. მაგრამ ეს იმ ადამიანის პრობლემაა.

…აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული. ყველანირი შეიძლება იყოს ფილმი, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებასთან კაშირი არ აქვს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში – „ფორუმი“ – 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. „მოთვინიერება“ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაშიც მოხვდა.

2022 წლის აპრილში საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ ჩვენება შინაარსის გამო გააუქმა. კინოსეანსების გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა უნდა გადარიცხულიყო ფონდში – DOCU/HELP, იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.