საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას პუტინი დადებითად აფასებს

პუბლიკა

რუსული სახელისუფლებო მედია, RIA Novosti წერს, რომ ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის „დადებითად აფასებს”.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მწვავე საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში არის ის, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ნდობის გაზრდის გარეშე ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. ამ შეხვედრის მიზანი იყო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის გაზრდა”, – თქვა მან.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის ჩართულობას, პუტინი ამტკიცებს, რომ ამ პროცესის მიღმა უკრაინის დატოვება არავის სურს. მისი თქმით, ტრამპმა სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ როგორც აშშ მოელის, მოლაპარაკებების პროცესი გაიმართება რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით.

მან, ასევე, დაადასტურა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, თუმცა ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

გუშინ, 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა.

ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი.

მას ასევე ჰკითხეს რუსეთის სურვილზე უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, რომ ზელენსკის რეიტინგი „4%-მდეა დაცემული”. Politico ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, გასულ თვეს მას 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ტრამპის ამ განცხადებებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.