საუნივერსტეტო კლინიკაში მყოფი 15 ინფიცირებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა - ტურძელაძე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლის ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში 69 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 15 კორონავირუსითაა ინფიცირებული.

ტურძელაძის თქმით, ინფიცირებულებიდან ორია რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია და იმედი გვაქვს მათი გამოჯანმრთელების. ჯერჯერობით სტაბილურად მძიმეა ორივე. გვყავს სამი ჩვილი, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მე-15 პაციენტს, რომელიც ჩამოიყვანეს ბოლნისიდან მას ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პალატაშია და არა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს. პერიოდულად აქვს 37 გრადუსი ტემპერატურა”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მისი თქმით, 15 ინფიცირებულიდან სამის მდგომარეობა კარგია. მოსმენით პნევმონია აღარ აქვთ და ექიმები 14 დღის გასვლას ელოდებიან, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევა კორონავიურსზე.

მისივე თქმით, გუშინ კლინიკიდან კორონავირუსზე 16 კვლევა გადააგზავნეს ლაბორატორიაში და კორონავირუსით ინფიცირება არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პირია. გამოჯანრთელდა 18 პირი, მათ შორის ორი ბავშვი.