სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ გადარჩენის რეჟიმში უწევთ მუშაობა და „მწარე რეალობის“ წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრები სრულად შეწყვეტდა მუშაობას. მთავრობის წარმომადგენლებთან კერძო კომუნიკაციისას მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქნებოდა წერტილოვანი და არა ამ მასშტაბის შეზღუდვები.
მათი განცხადებით სავაჭრო ცენტრებში დღესდღეობით დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომლებიც წინასაახალწლოდ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 6 მსხვილი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველდღიური ზარალი და 10 მილიონი ლარია.
„ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, იყო შეხვედრები ეკონომიკური გუნდის სამინისტროებთან, როცა გაჟღერდა, რომ ეს შეზღუდვა არ დაწესდებოდა ამ ფორმატით, იყო ლაპარაკი მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე, საათების შემცირება, რამდენიმე დღის ამოგდება. თუმცა 24 საათში ყველაფერი შეიცვალა და ფაქტობრივად აღმოვჩნდით სრული „ლოკდაუნის“ წინაშე.
აქედან გამომდინარე, გვესმის რა პრობლემაც არსებობს. ვიაზრებთ, რომ ქვეყანაში არის პანდემია, მაგრამ აუცილებელია რომ სექტორს ჰქონდეს მუშაობის საშუალება. ჩვენი შეთავაზება ფორმალურად მივაწოდეთ კიდეც ხელისუფლებას წერილობითი სახით. ჩვენი შეთავზება არის დეკემბრის თვის განმავლობაში, 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება, ეს არის დამატებით ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასათვის, რადგან პირველ რიგში შეამცირებს (მომხმარებლის ნაკადის) წნეხს სავაჭრო ცენტრებზე და ამავე დროს მოგვცემს საშუალებას, რომ იმ ობიექტებმა, რომლებიც ჩვენთანაა განთავსებული, ამოყიდონ თავიანთი პროდუქცია და ფაქტობრივად მკვდარი სეზონის განმავლობაში რაც იქნება იანვარი, თებერვალი, შეინახონ თავი და დასაქმებული ადამიანები“, – განაცხადეს სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა დღევანდელ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, მათი თხოვნაა, გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნას 15 დეკემბრიდან, რათა მომხმარებლებმა სავაჭრო ცენტრებში მისვლა შეძლონ.
ისინი ასევე ითხოვენ, სავაჭრო ცენტრების სასტუმროების მსგავსად, 2020 წელს გათავისუფლდნენ ქონების გადასახადისგან, სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს მათ ბანკებთან მოლაპარაკებებში საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.
24 დეკემბერი – 2 იანვარი კი წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები. 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში შეზღუდვა კვლავ აღდგება, ხოლო 16 იანვრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა.