2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება – ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.
ცვლილებები შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
გენდერული კვოტირება – რა წერია კანონპროექტში
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებებით უნდა მოწესრიგდეს პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან, გენდერულ კვოტებთან და თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
კერძოდ, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ის ვერ დარეგისტრირდება.
ასევე, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
✓ 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
✓ 2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
✓ 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
✓ საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი);
„მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონის 39-ე მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის მუხლი:
1. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დანამატს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესისაა.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით.