დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ახალ მიგნებებს აქვეყნებს. ცენტრის მიხედვით, მყინვარ თბილისას თავზე კდლეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო. ნაშალი მასალის მოძრაობა კი სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა ჩაიწერა.
ცენტრის ახალი მიგნებების მიხედვით, წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ერთწლიანი კვლევის საფუძველზე შემდეგ მიგნებებს აქვეყნებს:
„1. კლდეზვავი განვითარდა მყინვარ თბილისას თავზე ზღვის დონიდან 3850 მეტრ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე;
2. კერიდან ჯამში დაიძრა და მყინვარ თბილისას შეეჯახა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მასალა;
3. გავაანალიზეთ 2015 წლიდან 2023 წლის ჩათვლით უღრუბლო სატელიტური მონაცემები აბლაციის (დნობის) სეზონის ბოლოსთვის (აგვისტოს ბოლო – სექტემბრის შუა რიცხვები).
გამოიკვეთა, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები, რაც ასახულია სატელიტურ სურათებზე. ნაკადების კვალი იკითხება კერის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები გამორჩეულია დანარჩენი 8 წლისგან.
წინა წლების მონაცემებთან შედარებით 2023 წლის 3 აგვისტო 1-1.5 თვით ადრე პერიოდია, თუმცა ორივე, სამხრეთ და ჩრდილოეთ, ნაკადის გავრცელების ფართობი მაინც აღემატება წინა წლების მონაცემებს. ასევე, ნაკადებმა ყველაზე დაბლა 2023 წელს ჩამოაღწია. ეს მიუთითებს 2023 წელს სტიქიის კერის გამორჩეულ არასტაბილურობაზე კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც;
4. გაანალიზდა ყოველდღიური სატელიტური მონაცემები 2023 წლის 1 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით (შერჩეულია უღრუბლო 22 დღე). დაკვირვების პერიოდში ფიქსირდება როგორც დნობა/ჩამოშლის კვალი, ისე თოვა და აღნიშნული კვალის კვლავ დაფარვა, თუმცა ნაკადების ფართობი გამორჩეულად მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 20-სა და 21 ივლისს, და შესაძლოა 25-სა და 26 ივლისებს შორის;
5. მე-3 და მე-4 პუნქტში აღწერილი პროცესები არ მიუთითებს მომავალი კატასტროფული სტიქიის გარდაუვალობაზე, ის მხოლოდ იძლევა არამკაფიო ნიშნებს რომ შეიძლება მომავალში შეიძლება გარკვეული სტიქია ყალიბდებოდეს;
6. საქართველოს სეისმური ქსელი ამჟამად ოპერირებს 49 სეისმურ სადგურს და 36 ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელ ხელსაწყოს. ღარის სეისმური სადგური შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარესადგურია, მანძილით 30კმ. აღსანიშნავია, რომ მართალია სუსტად, მაგრამ ნაშალი მასალის ტრანსპორტირება ბუბისწყლის ხეობაში ვიდრე შოვამდე, საქართველოს ნაციონალური სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა ჩაიწერა.
ცხადია, ყველაზე მკაფიო ჩანაწერი გვაქვს ღარის სეისმურ სადგურზე, სადაც განთავსებული იყო, როგორც ველოსიგრაფი, ასევე აქსელეროგრაფი. ორივე ჩანაწერის შეჯერებული ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ხეობაში ტრანსპორტირება დაიწყო 14:56 წუთზე თბილისის დროით, ხოლო კდლეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო;
7. წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება“, – ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კვლევაში.