სავარაუდო ზეწოლა, ძალადობა, მოსყიდვა, მედიის მიმართ მტრული გარემო ომბუდსმენის ანგარიშში

პუბლიკა

წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას ახორციელებს.

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაში წარმოდგენილია სახალხო დამცველის მიერ 29 სექტემბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულ პრობლემატურ საკითხები.

(ომბუდსმენი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დარღვევების ფაქტები დაადასტურა, სახალხო დამცველი იყენებს ტერმინ „სავარაუდოს“, რადგან მთელი რიგი შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მათი დადგენა საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს პრეროგატივაა.)

ომბუდსმენის ცნობით:

► სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულად სამსახურიდან გათავისუფლებსი ფაქტებს.

გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. სახალხო დამცველმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პირთა მხრიდან კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელი.

კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან.

პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობიაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ.

„ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ომბუდსმენის ცნობით, საყურადღებოა სხვა ცალკეული ფაქტებიც, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა. ამ საკითხებზე ასევე, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან.

დასაქმებულ პირთა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეები

აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებს.

სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ანდა სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა. მათი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებაზე, სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით უკვე მიაწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით.

გამოკითხულია 5 პირი, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ასევე მოწმის სახით გამოძახებულია 40 პირი.

„ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ შსს-ს თანამშრომლების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის 5 ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატი აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით უფლებადარღვევებს შეეხება.

სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ მოექცა დმანისში მომხდარი ინციდენტი. ომბუდსმენმა სამართალდამცვაი უწყებებიდან კიდევ 4 ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რეაგირებაზე მოითხოვა ინფორმაცია.

ამომრჩევლების მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით ომბუდსმენმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საპასუხო კორესპონდენციის თანახმად, 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო 4 ფაქტზე, როგორც გვაცნობეს, მიმდინარეობს შესწავლა.

შემაშფოთებელს და საფრთხის შემცველ მტრულ გარემოს უწოდებს ომბუდსმენი მედიის მიმართ დამოკიდებულებას.

ამ ნაწილში ნახსენებია 5 ივლისის შემთხვევები და ასევე 24 შესაძლო დანაშაული.

„სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რიგ შემთხვევებში არასათანადო რეაგირებასთან, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს პროკურატურას დღემდე არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს დასაბუთებული წინადადებებით მიმართა.

ამავდროულად, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. ასეთი შემთხვევები ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას.

ამწუხაროდ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული რამდენიმე განცხადებაც გააჟღერეს. ასეთი ფაქტები არაერთხელ გაგვიკრიტიკებია და კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ საერთაშორის სტანდარტების თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.“, – წერს ომბუდსმენი.

ანგარიშში მოხვდა საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა უფლებები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

? დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები; ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით

? უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე

ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს:

არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირების დაცვას პოლიტიკური ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან

პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. უფლებადამცველებთან მიმართებით იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.