არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებსა და რისკებს აფასებს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დახმარების გაცემის პროცესში პრობლემებია. შემუშავებულია პროგრამაში მოხვედრის ბუნდოვანი კრიტერიუმები, პროცედურები დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე რჩება ცალკეული ჯგუფები.
ორგანიზაციის შეფასებით, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა სახელმწიფოს მიერ აღებული დამატებითი საკრედიტო ვალდებულებების პირობები.
EMC ქვემოთ დეტალურად განიხილავს, გეგმის რომელ ნაწილში რა ხარვეზი ვლინდება:
► დახმარების მიმღებთა რაოდენობა და დახმარების მოცულობა საჭიროებებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება;
ორგანიზაციის ცნობით, დღესდღეობით, მოქმედებს ფინანსური დახმარების 10-მდე პროგრამა.
არსებული მონაცემებით, ამ დრომდე დახმარება მიიღო 50 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა, 30 ათასამდე ფერმერმა, 70 ათასაზე მეტმა დაქირავებულმა, 200 ათასამდე სოცდაუცველმა.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ პირთა რაოდენობა, ვისაც დახმარება სჭირდება, გაცილებით მეტია, განსაკუთრებით, თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულების შემთხვევაში.
ორგანიზაციისთვის, ასევე, პრობლემაა დახმარების მოცულობა. მათი შეფასებით, 200 ლარი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმს უტოლდება, არც 300 ლარია საჭიროებებისთვის შესაბამისი თანხა;
► დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურა ხარვეზიანია და მშრომელს დამსაქმებელზე დამოკიდებულს ხდის.
EMC-ის შეფასებით, თვითდასაქმებულები და დაქირავებულები, ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. „შემოსავლის დამადასტურებელი წერილების გაცემასთან დაკავშირებული სამთავრობო მითითებების გარეშე ეს მოთხოვნა შესაძლოა მშრომელების დამსაქმებელზე დამოკიდებულობის კიდევ ერთ ბერკეტად იქცეს”, – წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც დამსაქმებლის ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე დამოკიდებული არ იქნებოდა.
„დამსაქმებელთათვის დახმარების არა უპირობოდ, არამედ იმ შემთხვევაში გაცემა, თუ ისინი – მაგალითად, სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნებით – დასაქმებულთა ინტერესებს გაითვალისწინებდნენ, ანტიკრიზისულ პროგრამებს მშრომელთა დაცვის ინსტრუმენტადაც აქცევდა”, – წერია განცხადებაში;
► სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა სისტემურ პრობლემებს არ ითვალისწინებს.
ორგანიზაცია წერს, რომ 650 ათასი მოქალაქე, უმეტესად, მცირემიწიანი, თვითდასაქმებული ფერმერია, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნახევარი დაურეგისტრირებელია. ამ ფონზე კი აშკარაა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტით მხოლოდ მცირე ნაწილი ისარგებლებს, სხვების მრავალმხრივი საჭიროებები კი უპასუხო დარჩება; სავარაუდოა, რომ ფერმერების ეს ნაწილი 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებითაც ვერ ისარგებლებს, რადგან სეზონური/არაფორმალური შრომის გამო პირველ კვარტალში შემოსავლის დადასტურება გაუჭირდება.
► იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა სამშენებლო სექტორის ინტერესებზეა მორგებული და საცხოვრებლების პრობლემებს არ ეხმიანება.
როგორც EMC წერს, ამის მიზეზი ის არის, რომ საბინაო პოლიტიკა ფუნდამენტურად გადასახედია, უძრავი ქონების ბაზარი უკიდურესად სპეკულაციური, ხოლო გამოსახლების რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების მომავალი ბუნდოვანი.
► მოწყვლადი ჯგუფების ნაწილი დახმარების გარეშე რჩება.
ანტიკრიზისულ გეგმაში არაფერია გათვალისწინებული უსახლკაროებისთვის ან მიკროსაფინანსოებითა და კერძო მევახშეობით დაზარალებულებისთვის; მიკროსაფინანსოების ვალების რესტრუქტურიზაციაზე სახელმწიფო უარს აცხადებს, შეღავათები არ დაუწესდა ასეთ ორგანიზაციებში ვალის მქონეებს.
არ არის გათვალისწინებული ის ოჯახები, რომლებიც ემიგარნტების გზავნილებზე იყვნენ დამოკიდებული, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
„მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნილებებს მოუმზადებელი ხვდება არსებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელშიც მოხვედრა ხანგრძლივი და ხშირად ბენეფიციარებისთვის რთული პროცესია, ისევე, როგორც სოცმუშაკთა არასაკმარისი რაოდენობა და სოციალური დახმარების პაკეტების მოცულობა”, – წერს ორგანიზაცია.
► აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კითხვის ნიშნებს აჩენს.
სესხის მთლიანი მოცულობა 4 მლრდ ლარს აჭარბებს, ახალი საშინაო ვალი 600 მლნ-ს უტოლდება. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს თანხები ეკონომიკური სტაბილურობისთვის ახალ რისკებს აჩენს, მაგალითად, ტვირთი ხომ არ გადანაწილდება მოწყვლად ჯგუფებზე.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს მთავრობას:
- გამოსცეს ცხადი და ხელმისაწვდომი მითითებები იმის შესახებ, თუ ვის და რა პირობებით ფარავს ანტიკრიზისულ გეგმაში შემავალი სოციალური დახმარების პროგრამები.
- გამოსცეს მითითებები დასაქმებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების გასაადვილებლად.
- მათთვის, ვინც არსებული პროგრამების მიღმა რჩებიან შემუშავდეს მოქნილი, მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დროებით აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყოფს.
- გასცეს პასუხი კითხვებს საგარეო ვალის შესახებ და არ დაუშვას მათი სოციალური პროგრამების ხარჯზე დაფარვა.