კომპანია „სილქნეტი” აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაჟონა დაახლოებით 2000-მდე მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს რეაგირების ღონისძიებები.
ინფორმაცია, რომ „სილქნეტის” მომხმარებელთა პირადმა მონაცემებმა, მათ შორის, პირადობის მოწმობის ფოტოებმა გაჟონა, 19 მარტს, საღამოს გავრცელდა. ითქვა, რომ საქმე 30 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემებს ეხებოდა. თუმცა, კომპანია დღეს აცხადებს, რომ სავარაუდოდ დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია.
ასევე, „სილქნეტის” განცხადებით, არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება.
„აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია”. – აცხადებს კომპანია.
ასევე, „სილქნეტი” მიუთითებს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს.
„უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც.
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია „სილქნეტი“ პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს”. – ნათქვამია „სილქნეტის” განცხადებაში.