სავარაუდოდ, ახლა ვართ პიკზე, რომელსაც პლატოს სახე ექნება - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ახლა კოვიდინფექციის გავრცელების პიკზეა. თუმცა, ჯერჯერობით, დიდი მატება არ არის, ამიტომ პიკს თანაბარი, პლატოს სახე აქვს. თუ რაიმე არ შეიცვალა, ცერცვაძის აზრით, ინფიცირებულთა დიდი მატება აღარც იქნება.

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ, თუ კიდევ არ ჩავიდინეთ რაღაც სისულელე და სადღაც რაღაც არ ვქენით… ვთქვათ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და არ გაგვექცა სადავეები ხელიდან. ვთქვათ, თუ გაგრძელდა ის ტენდენცია, ის ხარისხი მობილიზაციის, მოტივაციისა და მონდომების, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. პლატოს სახე ექნება პიკს. იქნება თანაბარი რაოდენობა. წესით, არ უნდა იქნეს მატება და თუ იქნება, იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული, მეტი არა.

თუ არ დავუშვით ისეთი შეცდომები, როგორიც იყო ბოლნისში, მარნეულსა და თეთრი წყაროს რეგიონში, ან, შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ან ლენტეხში, სადაც 50-კაციანი სუფრა გამართეს, მაშინ მე მგონია, რომ ჩვენ მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კოვიდინფექციის. 626 ინფიცირებული და 10 გარდაცვლილი – სულ ვიმეორებთ ამას, მაგრამ ასეა – ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც დღეს მცხეთაში გახსნილ ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.