„სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა" - კალაძე დიდუბეში აფეთქებაზე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა.

„აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომდგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილი, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ, როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს-მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, რომლებსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება იყო. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მომხდარის გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა – უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.