სავარაუდოდ, გალიდან მომავალი 3 ადამიანის ცხედარი ენგურში იპოვეს, ერთს ეძებენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ენგურში 3 მოქალაქის ცხედარი იპოვეს, გრძელდება ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მუხლებით იძიებს.

ცხედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში გამოირიყა. ეს სოფელი ოკუპირებული გალის სოფლებს ესაზღვრება.

როგორც ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები მედიასთან ამბობენ, ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურიით ცდილობდნენ. მათი ინფორმაციით, 2 ქალი და 2 კაცი სამკურნალოდ და ნათესავების სანახავად გადმოდიოდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მდინარის გადმოცურვის მცდელობისას ისინი წყალში დაიხრჩვნენ.

აღნიშნულზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“, – წერს სუსი.

საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და უკან დაბრუნებას პერიოდულად მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.