სავარაუდოდ, ხვალიდან უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება - უკრაინელი დეპუტატი

პუბლიკა

„სავარაუდოდ, ხვალიდან (14 თებერვლიდან) კიევის დროით 16:00-იდან უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება“, – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსი ჰონჩარენკომ განაცხადა.

ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

„ერთ-ერთმა უმსხვილესმა, ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ უკვე გაგზავნა შეტყობინებები, რომ ხვალიდან ლონდონის დროით 14:00 სთ-დან (კიევის დროით 16:00 სთ-დან) წყდება სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებიან.

თვითმფრინავების მფლობელები, რომლებიც ლიზინგში არიან, უკვე უკრძალავენ თავის თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ მომენტისთვის KLM-მა გააუქმა თავისი რეისები, Sky Up-ი უკვე სვამს ფუნშალიდან რეისს კიშინიოვში. დღეს გაჩნდება აკრძალვა კომპანია Air France-ისგან“, – წერს ჰონჩარენკო.

დეპუტატი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, ურჩევს, რომ რაც შეძლება მალე იპოვონ გზა, რადგან მომდევნო კვირაში ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.


შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან თავისი სამხედროებისა და საელჩოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიყვანა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა სხვა არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამაც.

თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა უკვე ნებისმიერ დროს დაიწყოს.