სავარაუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, 11 დეკემბერს 15 წლის ბიჭმა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

„პუბლიკასთან” შს სამინისტრო თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციას ადასტურებს. უწყება არ პასუხობს კითხვას, თვითმკვლელობის მცდელობამდე დიღმის პოლიციის პირველ განყოფილებაში არასრულწლოვნის დაკითხვასთან დაკავშირებით.

„მთავარის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკითხვაზე დიღმის პირველ განყოფილებაში 10 დეკემბერს  დაიბარეს, დიღმის მასივში არსებულ „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინცდენტის გამო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდაპირველად მოსწავლე მშობელთან ერთად დაკითხეს. ის არ აღიარებდა დანაშაულს. შემდეგ მშობლის გარეშე 3 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ, რა დროსაც აღიარა  დანაშაული, განყოფილების დატოვების შემდეგ კი, 11 დეკემბერს ოჯახს უთხრა, რომ პოლიციელები მას ემუქრებოდნენ და მხოლოდ ამიტომ აღიარა დანაშაული. ამის შემდეგ სახლიდან გავიდა და ცხრასართულიანი კორპუსიდან გადახტა. ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ მას ოჯახის წევრებმა უთხრეს. ისინი ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით ღიად საუბრისგან თავს იკავენებ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოსწავლე, სავარაუდოდ, სკოლის ტერიტორიაზე შევიდა და დააზიანა სკოლის ინფრასტრუქტურა, კედელზე კი  უცენზურო სიტყვები დაწერა.

„პუბლიკა“ მწვანე სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. დირექტორი კახა დავითური 10 დეკემბერს, ღამით სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლის ფაქტს ადასტურებს. ამბობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ,  ყოფილი მოსწავლე შევიდა და დააზიანა სკოლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მიმართეს სამართალმდაცავ უწყებებს. მისივე თქმით, სკოლის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში განყოფილებაში გამოკითხვზე იმყოფებოდა სკოლის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი.

კახა დავითურის თქმით, ბავშვი, რომელმაც გუშინ სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 10 დეკემებერს „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან. „გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, სავარაუდოდ, მგონი, ეს ის ბავშვია“. – ამბობს კახა დავითური.

„სავარაუდოდ, სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. საქმე იყო შემდეგში, როგორც  გაირკვა, ღამის საათებში გადმოძვრა სკოლის კედელზე, შემოვიდა სკოლის შენობაში, გააკეთა წარწერები, დაფები დააზიანა და გავიდა. ეს მოხდა 10 დეკემბერს. ჩვენ კერძო ტერიტორიაზე  შემოჭრის გამო გამოვუძახეთ პატრულს. გამოკითხვაზე სკოლის წარმომადგენელი დაცვის უფროსი იყო. სხვა არაფერი არ ვიცი, არ ვიცი, ვინ გამოკითხეს, ვინ რა აღიარა და ა.შ. ეს დეტალები ჩემთვის უცნობია“. – ამბობს კახა დავითური.

15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში და მდგომარეობა მძიმეა.