თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ თვითმხილველმა განუცხადა, ტურისტს საყურის ტარების გამო თავს დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შემთხვევას ადასტურებენ. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირი მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ვინც დაჭრა ის კი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს“, – ამბობენ შსს-ში.