სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები | როგორია შეფასებები

პუბლიკა

12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.

მედიისვე ცნობით, გავრცელებული დოკუმენტები შეიცავს უცნობი პირის მიმართვას, რომელიც წერს, რომ მის მოძებნას ნუ შეეცდებიან, რადგან ვერ მოახერხებენ:

„არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“, – წერს გამავრცელებელი.

მედიაში გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ აკონტროლებენ სასულიერო პირების საუბრებს, საბანკო მოქმედებებს, პირად ცხოვრებას – ვინ არის ნარკოდამოკიდებული, ვინ მეგობრობს კრიმინალებთან, ვინ თანამშრომლობს რუსეთთან, ვინ ითხოვს ფულს ამომრჩევლების ხმების ან პატიმრების შეწყალების შუამდგომლობის სანაცვლოდ და ა.შ. საუბარია არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე. დოკუმენტებში ასევე საუბარია იმაზე, რა გავლენის ჯგუფებია ფორმირებული საპატრიარქოში და ვინ არიან, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილის ან მოსაყდრე შიო მუჯირის გავლენის ქვეშ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურაში შეკითხვებს არ პასუხობენ. გავრცელებული მასალების ფიგურანტები კი დღეს მედიასთან აკეთებდნენ განცხადებას იმაზე, რაც დოკუმენტებში წერია.

დოკუმენტებში შევხვდებით კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელიც მასალების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინას „სკაიპის“ მეშვეობით აწვდიდა პოლიტიკოსებისგან (ხათუნა გოგორიშვილისგან, მ. მაჭავარიანისგან, ხ. ოჩიაურისგან) მიღებულ ინფორმაციას, ასევე საპატრიარქოში დაგეგმილი შეხვედრებისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტში ნახსენებია, რომ დანილინამ მიტროპოლიტს გარკვეული თანხაც ჩაურიცხა.

„ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში მიტროპოლიტი არ უარყოფს, რომ დანილინას იცნობს. მისი თქმით, ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და მიტროპოლიტმა დანილინა გააცნო მის გარემოცვას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ლაბორატორიის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე ინფორმაციას არ ფლობს. ყალბ ინფორმაციას უწოდებს მიტროპოლიტი იმასაც, რომ ის პოლიტიკოსებისგან მიღებულ ინფორმაციას აწვდიდა დანილინას.

„რაც თქვენ ჩამომითვალეთ, არ ვიცი კიდევ იქ რა წერია და რა მოიგონეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს ღალატი. მე თუ ვიღებდი თანამდებობის პირებისგან ინფორმაციას და რუსეთის ვიღაცას გადავცემდი, ეს არის სახელმწიფო ღალატი. მე არ მოვითხოვ, მაგრამ ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, მაშინ თუ საკმარისი საფუძველია უნდა აღიძრას ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და თუ ეს ასე არ მოხდება, მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, ყველანაირად“, – ამბობს ფაჩუაშვილი.

დოკუმენტის ამ ნაწილის ერთ-ერთი ფიგურანტი, ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან, რადგან ის მისი მოძღვარი იყო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას არ იჩქარებდა.

„ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება“ და არა უბრალოდ შუქდება“, – წერს ის „ფეისბუქზე“.

დოკუმენტებში ფიგურირებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. დოკუმენტის მიხედვით მან ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს აცნობა, რომ ილია II-ს ბოლო დროს „თიბისი“ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმებზე ესაუბრა. დოკუმენტების მიხედვით, „ხაზარაძის თქმით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარკვეული პირები „ზემდგომს“ არწმუნებენ მის პოლიტიკურ ამბიციებში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“. ხაზარაძემ ქორეპისკოპოსს ამ ინფორმაციის „ზემდგომამდე“ მიტანა სთხოვა.

ხაზარაძე დოკუმენტში აღწერილი საუბრის ნამდვილობას ადასტურებს.

„ვადასტურებ, რომ მქონდა საუბარი. გავეცანი შინაარსს და არის ფილიგრალურად ზუსტად აღწერილი ჩემი სიტყვები. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, დაახლოებით 2018 წელს ან 2019-ის დასაწყისში, როცა ჩვენზე დაიწყო ორკესტრირებული შემოტევა. მეუფე თეოდორეს დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ იგი ხვდებოდა აბასთუმანში ივანიშვილს და ვთხოვე, გადაეცა გზავნილი, რომ შეეჩერებინა მისი აგრესია კომპანიების, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ“, – განუცხადა ხაზარაძემ „ტელეკომპანია პირველს“.

დოკუმენტებში მისი საუბრების ჩანაწერების არსებობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მისი თქმით, ფაილებში არის ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან და მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთან მისი სატელეფონო მოსმენების შიფრები.

„ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.

„მე შემიძლია დავადასტურო ამ ნაწილის ავთენტურობა იმიტომ, რომ შედგა ჩემსა და გიორგი ზვიადაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი. ეს ხდებოდა ამ წლის თებერვალში, სინოდის სხდომამდე ალბათ რამდენიმე დღით ადრე. ჩვენს ეთერში გასულია ზუსტად ამ შინაარსის სატელეფონო ჩანაწერი და ზუსტად, ერთი ერთში აქვთ გაშიფრული ის დიალოგი, რაც შედგა ჩემსა და მამა გიორგი ზვიადაძეს შორის“, – ამბობს ის.

„მთავარი არხის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე კი წერს, რომ დოკუმენტებში მისი ფეისბუქის ინბოქსიდან მიმოწერებია შეტანილი.

მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს მოჰყვა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას  შეფასება.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ, თუ ჩანაწერები ნამდვილია, მაშინ ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესი დარღვევა და უხეში ჩარევა პირად ცხოვრებაში.

„ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

დოკუმენტებს გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას“.

მისივე თქმით, ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული და ანტისახელმწიფოებრივია, რისთვისაც „სათანადო პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ სუსი საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხს გასცემს.

„დარწმუნებული ვარ, კითხვას, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხს გასცემს, როცა ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა. ეს არაფერს ნიშნავს რასაკვირველია, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია. მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ მტკიცებულება შეიძლება იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა, დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება.
ერთადერთი რაც რაციონალური, სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ ოპონენტებისგან, ეს არის, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება”, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო”, — განაცხადა ვოლსკიმ.

„ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით“, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.

უწყება მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, დროულად დაიწყოს გამოძიება.