სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით თავად უკრაინაშიც აზრთა სხვადასხვაობაა - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დღეს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ.

დღეს დმიტრო კულებამ მოუწოდა ევროკავშრის ქვეყნებს, რომ რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს მათი მოქალაქეების უმრავლესობა.

მდინარაძის თქმით, ევროპასა (სადაც განიხილება სრულად აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, თუ არა) და უკრაინაში (სადაც 1 ივლისიდან სავიზო რეჟიმი მოქმედებს) „სავიზო რეჟიმზე“ აზრთა სხვადასხვაობაა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, არ უნდა გახდეს „სამარცხვინო“ კამპანიების საფუძველი.

„ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენთან კი არა, თავად უკრაინაშიც აზრთა სხვადასხვაობაა, ევროპაშიც კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა ამ ორი აზრის, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებსა და მსჯელობას ნუ განვსჯით აქედან. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის მიუღია, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამ აზრის მომხრეები გაიმარჯვებენ თუ მოწინააღმდეგეები, არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არ უნდა გახდეს საქართველოში ისეთი კამპანიების კეთების საფუძველი, როგორი სამარცხვინო კამპანიებიც იგეგმება ხოლმე, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება ფაშისტურადაც მოინათლოს, მეორე მხრივ შეიძლება რაღაცა დისკრედიტაციის მცდელობა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

რუს ტურისტებზე საუბრისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ეთნიკური ნიშნით ადამიანების გამორჩევა 2022 წელს მთლად კარგი ამბავი არ არის“, თუმცა „შეიძლება ვიღაცასთან რაღაც ემოცია ჭარბობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტი ვთქვათ არ მოსწონდეს“

„გასაგებია, ერთი მხრივ, შეიძლება ვიღაცასთან რაღაც ემოცია ჭარბობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტი ვთქვათ არ მოსწონდეს, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ადამიანების გამორჩევა 2022 წელს მთლად კარგი ამბავი არ არის. ემოციებიც გასაგებია, ისიც გასაგებია, რომ ოკუპანტს ოკუპანტი დაარქვა და ასე უნდა მოიქცე აუცილებლად და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით თუ განცხადებას ან კომენტარს გკითხავს ვინმე, შესაბამისი პასუხიც უნდა გასცე, მაგრამ ტურისტამდე დაიყვანო ეს ამბავი და შემდეგ ეთნიკური ნიშნით გამოარჩიო და თავდასხმები აწარმოო და ეს თავდასხმები ემოციურად კი არ გაღელვებდეს რეალურად, [არამედ] პრაგმატულად (ცუდი პრაგმატიზმია ეს), გინდოდეს შენი ქვეყნის შიდა სიტუაციის ასარევად, ეს ცუდი საქციელია და ამ თემაში ნუ შევყვებით ნაცებს, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.


მეორე დღეა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იმართება, სადაც განიხილება ბალტიის ქვეყნებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების წინადადება – სრულად აიკრძალოს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის. წინადადების შინაარს არ იზიარებს გერმანია და საფრანგეთი. 

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, მათ ქვეყანაში გაჩერება 1 წლით შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი რუსეთში სავიზო რეჟიმი მოქმედებს. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 6 თვეში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან 247 156 მოქალაქე შემოვიდა.