სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოზე რაკეტის გამოყენება - მედვედევი

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერს ეხმაურება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რაკეტებით ემუქრება.

„ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები ამაოდ აღტკინდნენ, ამბობენ, ნახეთ, რა მამაცები ვართ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე ხელის აწევის არ შეგვეშინდაო. ბატონებო, ვაი, რომ ყველა ღვთისა და რაკეტების ქვეშ დადის. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან ჰიპერბგერითი რაკეტის მიზანმიმართული გამოყენება. სამწუხაროდ, მას ვერ ჩამოაგდებთ. სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნის დასახლება. ამიტომ ომს არ დაიწყებენ. მათ შეეშინდებათ. და არავინ შეიცოდებს. ასე რომ, მოქალაქე მოსამართლეებო, ცას ყურადღებით უყურეთ“, – წერს მედვედევი.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.