საწოლფონდის მობილიზება - რა საკითხებზე იმსჯელეს მთავრობაში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საწოლფონდის ეფექტურ მართვაზე მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ კლინიკების წარმომადგენლებმა მედიასთან ისაუბრეს.

„ევექსის წარმომადგენლის, გიორგი მინდიაშვილის თქმით, შეხვედრა ეხებოდა საწოლფონდის მობილიზებას:

„შეხვედრა ეხებოდა საწოლფონდის მობილიზებას, დამატებით საწოლფონდის გამოყოფას ქვეყანაში სადაც რესურსები არსებობს და არსებული უყვე გამოყოფილი საწოლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რომ არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და მათ მიიღონ მომსახურება რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება და ტუიილად არ მოხდეს საწოლფონდის დაკავება, რისი ნიშნებიც არის.

ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ დაახლოებით უახლოეს ერთ კვირაში დავამატებთ კიდევ 120 საწოლს, აქედან დაახლოებით 60-მდე იქნება რეანიმაციული საწოლი“,- განაცხადა მან.

„ჯეოჰოსპიტალის“ წარმომადგენელის ნინო კობახიძის განმარტებით, შეხვედრისას დაისვა კონკრეტული კითხვები თუ რამდენი საწოლის მობილიზებაა შესაზლებლეი მოცემულ პირობებში.

„იყო ძალიან კონკრეტული კითხვები ჰოსპიტალურ სექტორთან, რამდენი საწოლის გამოყოფა შეგვიძლია, რამდენი ინტენსიური თერაპიის საწოლისთვის ვართ მზად და რეგიონების დონეზე ვინ რას როგორ ვმართავთ…

კვირის ბოლომდე კიდევ 66 ახალ საწოლს ვამატებთ და 125 უკვე დამატებული გვაქვს, ყველამ როლები გავინაწილეთ რეგიონების მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს თავისუფალი საწოლების ათვისება“,- განმარტა მან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

„აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატორებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.“