საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რაც შეიძლება მალე დააკორექტირებთ ფასებს - პრემიერი

პუბლიკა

„ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მე მაქვს მოლოდინი გაითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ ფასების კორექტირებას. მე ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავის ფასი შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა პერიოდთან შედარებით ქვემოთ არის ჩამოსული.

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს იაფიანი საწვავის შემოტანა ქვეყანაში, რაც მისასალმებელია. როგორც ის აღნიშნავს, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შემოიტანოს საწვავი ქვეყანაში, რადგან მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს მეტუ არჩევანის შესაძლებლობა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის მოსვლის შემდეგ, საწვავის ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა და „სახელმწიფო ზედმეტად არ ერევა“.

„ჩვენ სწორ პოლიტიკას ვახირციელებთ, მეორე მხრივ, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ყველა კეთილსინდისიერი იმპორტიორის ქცევას, მათ ქმედებას და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე შემცირდება საწვავზე ფასები, თუ რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც პირდაპირ უკევშირდება საქართველოში არსებულ ვითარებას“.