საყდრისის აფეთქებიდან 5 წელი გავიდა. 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია „RMG გოლდმა“ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.
2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე წინ უძღვოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, „რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღეს“, – ამის შესახებ 2015 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა.
ამ გადაწყვეტილებების შედეგად საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლება მიენიჭა.
საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არქოლოგიური სამუშაოების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა თომას შტიოლნერმა მაშინდელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგო რატიანს 2015 წელს წერილი მისწერა.
სერგო რატიანი „პუბლიკასთან“ იხსენებს წერილის შინაარსსა და მიზეზს, თუ რატომ ვერ შეიქმნა საყდრისის აფეთქების შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისია.
მისი თქმით, საყდრისის აფეთქების შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩარეულნი და ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთებოდა.
„მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს იყო ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნა, პირადად ნინო გოგუაძის, რომელიც აქტიურობდა. მაშინ საკითხი დადგა დღის წესრიგში, კომისიის შექმნას ეყარა კენჭი და ეს საკითხი გავიდა.
შემდეგ იყო მეორე კენჭისყრა, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა შემადგენლობა და საკითხი ამ შემადგენლობის დამტკიცების დროს ჩავარდა“, – ამბობს სერგო რატიანი „პუბლიკასთან“.
ამის შემდეგ რატიანმა კვლავ დააყენა საკითხი, რომ უნდა შექმნილიყო კომისია და იმისთვის, რომ მათი პოზიცია უფრო გამყარებულიყო, მან მიმართა ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორს. რატიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი, სადაც საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროს მნიშვნელობის შესახებ არის საუბარი, უმრავლესობის ყველა წევრს მიაწოდეს, მათ [უმრავლესობა] საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდეს.
„ამ წერილში შტიოლნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად გააყალბა მონაცემები. წარმოიდგინეთ, საყდრისის აფეთქებას ის ადარებს ერაყსა და ავღანეთში ტერორისტებისა და ფუნდამენტალისტების მიერ ძეგლების ნგრევას“, – ამბობს სერგო რატიანი.
რა კულტურული მნიშვნელობისა და ღირებულების იყო საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო?
– „2004 წლიდან ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად აღარ არსებობს არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით (ეჭვგარეშეა), რომ საყდრისი თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია.
– რატომ? იმიტომ, რომ ის ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას წარმოადგენს კავკასიაში, ის მსოფლიო მასშტაბითაც ყველაზე ძველია. მისი საწყისი ძვ.წ. IV ათასწ. შუა ხანებს აღწევს. პრეისტორიული მოპოვება გრძელდება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე. რაც ასე განუმეორებელს ხდის საყდრისს არის ის, რომ აქ სრულადაა შემონახული ოქროს მომპოვებელ-მწარმოებელი იმდროინდელი თემის დამახასიათებელი ყველა ასპექტი.
– ის საქართველოსათვის უნიკალურია და საჭიროებს – ისევე, როგორც სხვა დიდი არქეოლოგიური ობიექტები – კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების მსგავსად დაცვას.
– საყდრისის პრობლემაზე უკვე 10 წელია მუშაობს ბევრი მეცნიერი საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), გერმანიიდან (გერმანიის სამთო მუზეუმი, ბოხუმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (CEZ მანჰაიმი), საფრანგეთიდან (CNRS), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთიდან (კემბრიჯის უნივერსიტეტი).
– არც არავითარი ეჭვი არ არსებობს ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით და არც კითხვა იმის თაობაზე, მოიპოვებოდა თუ არა აქ ოქრო.
– პირველმა კომისიამ, რომლის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე 2013 წლის ზაფხულში საყდრისს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, გააყალბა და არაკომპეტენტურად შეაფასა მეცნიერული კვლევების შედეგები.
– აქ თავს შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან. მომდევნო დამოუკიდებელმა კომისიამ (რომლის შემადგენლობაშიც საბათმცოდნე პროფ. ვ. ჟელევი და პრეისტორიული ეპოქის მკვლევარი პროფ. ა. იოკენჰოფელი შედიოდნენ), 2014 წლის მაისში წარმოადგინა დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ჩვენი კვლევის შედეგები და საყდრისის მნიშვნელობა.
– გათხრები, რომელიც აკადემიამ ჩაატარა უშედეგოდ წარიმართა, რადგან საკვლევად ისეთი ნაკვეთები იქნა შერჩეული, სადაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით არანაირი შედეგი არ იყო მოსალოდნელი.
– შესაბამისად, აღნიშნული შედეგები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა (კვლევის ანგარიში, 2014 წლის ზაფხული). შემდგომ გამართული მოლაპარაკებისას მოითხოვეს საკვლევი გეგმის წარმოდგენა.
– საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნა. სამწუხაროდ, არც ფირმის და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან მას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და მისი შენარჩუნება, ბუნებრივია, ფულად ინვესტიციებს მოითხოვდა, თუმცა, ის საქართველოს ტურისტული და მეცნიერული განვითარებისათვის გაღებული, გონივრული ხარჯები იქნებოდა.
– 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩვენდა გასაოცრად, საბადოს ბულდოზერები მიაყენეს და ძეგლის განადგურება განაახლეს. ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ მესოპოტამიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამად მიმდინარე ნგრევას და ავღანეთში, კერძოდ, ბამიანში მომხდარს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოტივები, ბუნებრივია, სრულიად სხვა ხასიათისაა.