დოლიძე: განსაკუთრებით საყურადღებოა ვერიფიკაციის აპარატების მუშაობა და იქ ჩატვირთული სიები

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრში დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ უპრეცედენტო რაოდენობის ზარი შევიდა.

დოლიძის თქმით, „არჩევნების დღის დარღვევებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებთან, როგორიც იყო პირადობების ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების შეგროვება“.

მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და არჩევნების შედეგებზე.

დოლიძემ გამოყო ისეთი დარღვევები, რომლებსაც გავლენა ექნებოდა ამომრჩევლის ნებასა და შედეგებზე:

– ბიულეტენების ჩაყრა;

– მრავალჯერადი ხმის მიცემა;

– მარკირების არ გაკეთება/შემოწმება, რაც კარუსელის ინდიკაციაა;

ვერიფიკაციის აპარატზე სრულყოფილი დაკვირვების შეზღუდვა, შესაბამისად ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესის გადამოწმების შეუძლებლობა;

– ხმის მიცემის ფარულობის სერიოზული დარღვევა (მათ შორის ფოტოს გადაღება, კაბინაში შეყოლა);

– მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბი საარჩევნო უბნების გარეთ;

– სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება;

– ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლების გაძევება საარჩევნო უბნებიდან, მათ შორის მათთვის შეურაცხყოფის მიყენება;

– უბნის გარეთ ამომრჩეველთა ტრანსპორტირება, მობილიზება, პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამომრჩეველთა ნების კონტროლი;

– გადასატანი ყუთების დაბრუნება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების გარეშე;

– საზღვარგარეთის უბნებზე, ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა და ბევრი სხვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვერიფიკაციის აპარატების მუშაობა და იქ ჩატვირთული სიები. ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ამ ეტაპამდე ვიღებთ ინციდენტების შესახებ ინფორმაციას და თუ ვინმეს გსურთ გაზიარება, მოგვწერეთ: info@isfed.ge, მესინჯერში, ან მომწერეთ პირდაპირ მე“, – წერს ნინო დოლიძე.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

საია-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა და ცესკოს მიმართა, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში დუბლირებული სიების გააქტიურება.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.