საზღვაო აკადემია სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარს აცხადებს

პუბლიკა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარს აცხადებს. საქმე ეხება სამსახურიდან გათავისუფლებულ პროფესორ ვაჟა ანანიძის სამსახურში აღდგენასა და მისთვის განაცდურის ანაზღაურებას.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიაში იკავებდა როგორც ბიბლიოთეკის კოორდინატორის, ასევე ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. ის სამსახურიდან 2020 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. 7 ოქტომბერს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ დამსაქმებელს ვაჟა ანანიძის სამსახურში კოორდინატორის ტოლფას პოზიციაზე აღდგენა დააკისრა, ასევე – განაცდური ხელფასის სახით 31 000 ლარის, ხოლო რაც შეეხება პროფესორის პოზიციას, რადგანაც პროფესორს აკადემიაში 4 წლის ვადით ირჩევენ, ეს ვადა კი ვაჟა ანანიძის შემთხვევაში ამოწურულია (გათავისუფლებამდე მას წელიწადი და 2 თვე ჰქონდა დარჩენილი), სასამართლომ მოპასუხეს პროფესორის პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, 25 200 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

ვაჟა ანანიძემ ყოფილ დამსაქმებელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, 8 ოქტომბერს მიმართა და 19 ოქტომბერს ასეთი შინაარსის პასუხი მიიღო:

„ამ ეტაპზე ბათუმის საზღვაო აკადემიის საშტატო ნუსხაში არსებული ვაკანტური პოზიციებიდან არცერთი არ წარმოადგენს […] ტოლფას თანამდებობას და აკადემია მოკლებულია შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ აღასრულოს თქვენი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა“, – ვკითხულობთ აკადემიის წერილში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ თანამდებობრივი სარგო ანანიძეს მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით აუნაზღაურდება.

თუმცა 2020 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში საზღვაო აკადემია წერილობით ადასტურებდა, რომ სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვაჟა ანანიძეს აღადგენდა ტოლფას პოზიციაზე.

მომჩივანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი ანა ბერძენიშვილი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.

„შრომითი დავა არის სპეციფიკური ხასიათის დავა, სადაც ხდება დაუყოვნებლივ აღსრულება, ანუ –  მიუხედავად იმისა, მეორე მხარე გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, არ უნდა უწევდეს უკანონოდ გათავისუფლებულ პირს დაუსრულებლად ლოდინი, მით უფრო იმ პირობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოში დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მისი აღსრულების ჩათვლით გრძელდება დაახლოებით 5 წელიწადს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე მივმართეთ სასამართლოს და ვთხოვეთ დაუყოვნებლივ აღედგინათ და დაუყოვნებლივ აენაზღაურებინათ ვაჟა ანანიძისთვის განაცდური“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

იურისტი ასევე ამბობს, რომ სასამართლო დავის დაწყებიდან მალევე ბათუმის საზღვაო აკადემიამ დაუსაბუთებლად გააუქმა კოორდინატორის პოზიცია, რათა შემდგომ ვაჟა ანანიძე არ აღედგინა სამსახურში და შექმნა ახალი სტრუქტურული ერთეული იდენტური ფუნქცია-მოვალეობებით, თუმცა ბერძენიშვილი დასძენს, რომ, რა გზით აღადგენს აკადემია სამსახურში ვაჟა ანანიძეს, ეს სასამართლოს ან ანანიძის მოსაგვარებელი არ არის.

„განაცდურის ჩარიცხვასთან დაკავშირებით კი, რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს, ალბათ, საზღვაო აკადემიამ არ იცის, რომ შესაძლებელია ამ თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვა მომხდარიყო და ის მომსახურების ხარჯი, რაც არის აღსრულების ბიუროსათვის, ჩვენს ჯიბეებსა და ჩვენს კისერზე არ ყოფილიყო… აკადემია მართლშეგნებით ვერ იგებს და ელოდება იძულების მექანიზმს, როდის აიძულებს და საგადასხადო ინკასოს როდის დაადებს ბიუჯეტზე აღსრულების ბიურო. აქაც პროცენტია გადასახდელი და ამ გადასახადს ისევ ბიუჯეტიდან იხდიან“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, რადგანაც საზღვაო აკადემიამ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, იძულებული გახდა, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიემართა. აღსრულების ბიურომ კი საზღვაო აკადემიას 13 ოქტომბერს მიმართა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

როგორც „პუბლიკას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რამდენიმე დღეა, დაწყებულია საქმის წარმოება. კომპენსაციის ნაწილში „საქმე, ფაქტობრივად, დასრულებულია. დარჩენილია პროცედურული ნაწილი“, ხოლო სამსახურში აღდგენის ნაწილში კვლავ მიმდინარეობს სააღმსრულებლო წარმოება. კერძოდ, მოვალე ორგანიზაციამ „გონივრულ ვადაში“ ტოლფასი პოზიცია უნდა მოიძიოს, შექმნას ან უარი თქვას მის აღსრულებაზე.

იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვაჟა ანანიძეს სამსახურში არ აღადგენენ, სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს და შესაბამის კომპენსაციას მოითხოვს, რაც, მისივე თქმით, ასევე მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, პირველ რიგში კი მოაკლდება სტუდენტებს, განათლებას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში „პუბლიკის“ შეკითხვებს არ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ „რაკი პერსონალურ მონაცემებს ეხება საქმე, გადაწყვეტილება თავად [დაინტერესებულ] პირს გაეცნობა. სხვა კომენტარს აკადემია არ აკეთებს“.

აკადემიაში ასევე აღნიშნავენ, რომ იგეგმება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ვაჟა ანანიაშვილი კი ერთკაციან პროტესტს განაგრძობს. ამჯერად მისი პროტესტის ადრესატი აღსრულების ეროვნული ბიუროა:

„საზღვაო აკადემიის „რექტორმა“ ი. შარაბიძემ უარი თქვა 12 ოქტომბერს გაგზავნილ თქვენს მოთხოვნაზე – დაუყოვნებლივ აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება! მაინტერესებს, უარს დაეთანხმეთ, თუ აღსრულების მექანიზმს აამოქმედებთ?“ – ვკითხულობთ ვაჟა ანანიძის ბანერზე.