საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აზუსტებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე 6 ქართველი იმყოფება

პუბლიკა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აზუსტებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera-ს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის  საქართველოს 6 მოქალაქე.

„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გემზე ქართველი და უკრაინელი მეზღვაურების შესახებ ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა, რომელიც ვენესუელის ნავთობთანაა დაკავშირებული.

ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად მოქმედებდა.