საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა. ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს, შემთხვევა საგარეჯოში, ახვლედიანის სახლში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახვლედიანს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
8 ივლისს ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
პროკურატურის განცხადებით, ახვლედიანს „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, – აცხადებს პროკურატურა.