საზღვარგარეთ COVID-19-ით საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა, ინფიცირებულია 45 - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 45 მოქალაქე. შემთხვევათა უმრავლესობაში მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა.

მინისტრის განცხადებით, ინფექციით გარდაცვლილია 13 მოქალაქე. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა მათ დახმარებას. ვგულისხმობ ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.


მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელდა 61 სპეცრეისი.

„ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, რაც გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ბილეთებით უზრუნველყოფას. დღეის მონაცემებით, ჯამში ამ კატეგორიის 2828 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში“.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან – იტალიიდან და ჩინეთიდან ჯამში 5 რეისი განხორციელდა, ტრანზიტული მარშრუტით კი 2113-მა მოქალაქემ ისარგებლა. სახმელეთო და საზღვაო გზით სამშობლოში დაბრუნდა 3946 მოქალაქე. პირველადი საჭიროებით კი უწყებამ  19417 ადამიანი უზრუნველყო.