საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც მიიღებენ Covid-დახმარებას – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარების მიზნობრიობა ფართოვდება.

„თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას რეგისტრაციისთვის და ის ადამიანებიც მიიღებენ სახელმწიფოსგან ამ სოციალურ დახმარებას, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულებისა და შემოსავალდაკარგული ადამიანების რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდება.