საზღვარზე შეზღუდვები შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთანაც დაწესდა

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო საზღვარზე შეზღუდვა დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთანაც დაწესდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.