„საზღვრის დემარკაციის მიზნით ორი ქვეყნის კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება“ | მიშელი ალიევსა და ფაშინიანს შეხვდა

პუბლიკა

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ბრიუსელში შარლ მიშელთან კიდევ ერთი სამმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ფაშინიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. მედიასთან მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა.

შარლ მიშელის თქმით, გუშინდელმა შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა. მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დაიწყება მუშაობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციაზე.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, განაღმვითი სამუშაოები, ომის შედეგად დაკავებულთა გათავისუფლება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედი.

ჩვენ მივაღწიეთ შემდეგს: უახლოეს მომავალში  სასაზღვრო, ნეიტრალურ ზონაში სომხეთისა და აზერბაიჯანის კომისიები საზღვრის დემარკაციის საკითხებზე სასაუბროდ პირველ შეხვედრას გამართავენ. განიხილავენ დემარკაციასა და სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა მიშელმა.

ასევე, შარლ მიშელის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მუშაობა სატრანსპორტო დერეფნების გასახსნელად, ასევე შეთანხმდნენ, რომ უნდა იყოს თავისუფალი მიმოსვლა, როგორც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჭევანს შორის, ასევე, სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო საკითხების გარკვეულ მიმართულებებზე შეთანხმებას უახლოეს დღეებში ხელს ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერი მოაწერს.