საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, რომელმაც ამ საქმეზე ნინო ჩახნაშვილი შეცვალა, პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დაუდასტურა.

„ეს არის პოლტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი, არაკანონიერი და იმავდროულად უკიდურესად იდიოტური გადაწყვეტილება. ადამიანი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, 3 წელი აქვს კიდევ თავისუფლების აღკვეთა სასჯელად დანიშნული და უფარდებენ პატიმრობას მოწმეებზე არ მოახდინოს ზემოქმედებაო, იმ საქმეზე, რომელზეც მოწმეები უკვე ერთხელ დაიკითხა.

უფარდებენ პატიმრობას ახალი დანაშაული არ ჩაიდინოსო, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პირმა. ანუ, ის რაც ისედაც აღსრულებულია, რომ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწებულებაში, დამატებით, ორმაგ პატიმრობას უფარდებენ, რასაც არანაირი იურიდიული და ფაქტობრივი შინაარსი არ გააჩნია.

ერთადერთი რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ არის ის, რომ ხელისუფლებას გაუჩნდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შიში, არ ვიცი რატომ და რა მექანიზმებით. ამ შიშების გამო მიაღებინეს სასამართლოს ეს არაკანონიერი გადაწყვეტილება“, – უთხრა „პუბლიკას“ ადვოკატმა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 5 საქმეა აღძრული. 2 საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს სასამართლოს, 3 საქმის განხილვა კი ამჟამად მიმდინარეობს. სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ის 2021 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოში დაბრუნდა.