საზმაუმ „რეპუტაციული ზიანის მიყენების" საფუძვლით კიდევ ერთი თანამშრომელი გააფრთხილა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ კიდევ ერთი თანამშრომელი, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტია გააფრთხილა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი” ავრცელებს.

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბერძენიშვილის ბრძანებაში წერია, რომ გივი კიტია საჯარო სივრცეში მის მიერ გავრცელებული განცხადებებით, „მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს“. „ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო ბერძენიშვილმა მას საყვედური გამოუცხადა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

მედიაჩეკერის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით, ჯამში 8 თანამშრომელი გააფრთხილა.


11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის.

იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.

გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კრიტიკული მოსაზრებებისთვის, „რეპუტაციული ზიანის” საფუძვლით კიდევ 3 თანამშრომელი გააფრთხილა: გადაცემა „რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია და „შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ ჯინჭარაული.

სამივე მათგანის დისციპლინარული სანქციის ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი არის „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.