პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ტელეკომპანია „ობიექტივის” ჟურნალისტის, ბონდო მძინარაშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მძინარაშვილის განცხადებები, სადაც მძინარაშვილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას აკრიტიკებდა და აშშ-ს საქართველოს ოკუპაციაში ადანაშაულებდა.
„ბონდო მძინარაშვილის ეთერში პირველად მოვხვდი თებერვალი იყო, მგონი, ან მარტი. მანამდე არც მასთან ეთერში ვყოფილვარ და არც ვიცნობდი. ჯერ ეს ერთი, მე არ მაქვს უფლება რომელიმე ჟურნალისტის განცხადებების რევიზია დავიწყო. ბატონი ბონდო არ არის პოლიტიკოსი.
რაც შეეხება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსებს და „იმეებს”, მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომ NATO-ს ტვინი გარდაიცვალაო. ახლა როგორ ჩავთვალოთ, NATO-ს მტერია მაკრონი? დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთი და საფრანგეთი, ორი NATO-ს ქვეყანა ერთმანეთთან დაპირისპირებულია, თითქმის ცხელ ომზე არიან მისულები. სად მივდივართ? ომში მივდივართ?”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უმნიშვნელო ორგანოა, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს რა ხელმძღვანებლობაც ჰყავს, ბორდს ვინმე რამეს ეკითხებოდა? იყო იქ ნინია კაკაბაძე, დავუჭირეთ მას მხარი. რა პრობლემა იყო? რამე დაანგრია და რამე შეცვალა? მე არ გამიგია მისი ხმა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ საზმაუს ბორდის წევრთა არჩევის პროცესს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩემი მიზანი საერთოდ არის, რომ საზმაუს დაფინანსება შეუწყდეს და რეკლამა ჩამოერთვას, რა მნიშვნელობა აქვს ბორდში ვინ იქნება”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს. ერთი წევრი უმრავლესობის კვოტით შეირჩევა, ორი კი – უმცირესობის.
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ასარჩევად გია მურღულიას კანდიდატურას წარუდგენს. ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსმა“ და სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, მათ შორის, დავით ჭიჭინაძემ.
ასევე რეგისტრაციისთვის საჭირო 14 ხმა მიიღო დოდო შონავას კანდიდატურამ. „ევროპული საქართველოდან“ 14 ხმა ზაზა აბაშიძეს ერგო.