პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობას.
კომისიის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იმედია“ წარმომადგენელთა ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 209-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო კომისიაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
- მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
- ეკა მელქაძე − ჟურნალისტი;
- ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
- ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
- გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
- გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
- მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 1 აპრილს იწურება. ვადა ეწურება ბორდის სამ წევრს: ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით აირჩა. ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.