საზმაუს განცხადებით ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანების, ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლების შემდეგ საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.

„…საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.

განცხადების მიხედვით მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.

„სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული.