საზოგადოებრივი მაუწყებლის ის 5 თანამშრომელი, რომლებსაც კრიტიკული მოსაზრებები აქვთ, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დაპირება მიიღეს.
დღეს, 3 აპრილს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს ვასილ მაღლაფერიძე. ამ საკითხის განხილვის შემდეგ ისინი სხდომას უნდა დასწრებოდნენ და საბჭოს წევრებისთვის კითხვები დაესვათ.
თუმცა, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომა დახურა.
21 მარტის სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური წევრები ესწრებოდნენ, სამეურვეო საბჭომ იმსჯელა არხის თანამშრომლების, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ.
ვასილ მაღლაფერიძემ, გრიგოლ (გია) მურღულიამ, გიორგი კოხრეიძემ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ბელა ოსიპოვამ, გია იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ განაცხადეს, რომ არხის ჟურნალისტების საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.
დღევანდელი სხდომის დახურვის შემდეგ ნინო ზაუტაშვილმა თქვა:
„5 თანამშრომელი წინასწარ ჩავეწერეთ, განვაცხადეთ, რომ გვინდოდა დასწრება. ვთქვი, რომ, როცა დამთავრდებოდა ბორდის თავმჯდომარის არჩევნები, შემდეგ შემოვალთ და დავსვამთ კითხვებს, რომ არჩევის პროცესს ხელი არ შევუშალოთ. მივიღეთ თანხმობა. შევედით [შენობაში], დავსხედით. გამოვიდა საბჭოს მდივანი, ცოტა ხანში დაგიძახებთო.
უცებ დახურა სხდომა [ვასილ მაღლაფერიძემ] და გამოვარდა გარეთ. როცა მართალი ხარ, არ გეშინია. მას არ აქვს პასუხი ჩვენს კითხვებზე“, – თქვა ნინო ზაუტაშვილმა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით:
„ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა, პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაციაც მოახდინა საბჭოს 8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს“.