საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს.
კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით“.
პროექტით შემოთავაზებულია, რომ მაუწყებელი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.
კანონპროექტის მიხედვით, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება, წინა წელთან შედარებით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზრდა ყოველი კონკრეტული ფისკალური წლისთვის დაკავშირებული იქნება მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, კონკრეტული წლისათვის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი მთლიანი ფინანსური რესურსების შესაბამისად.
პროექტით გათვალისწინებულია ამ ცვლილების ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ დაკავშირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიზანშეწონილი არ არის. მათი პოზიციით, დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით – „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება თითქმის 15 წელია.
აღსანიშნავია, რომ ამ წესით დაფინანსება არის დროებითი და არ წამოადგენს ძირითად ნორმას. გასათვალისწინებელია, რომ არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
ასე მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით.
ზოგადად მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ დაკავშირება მთლიან შიდა პროდუქტთან. ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ისეთი სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მის ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, როგორიცაა: ფინანსური დამოუკიდებლობა, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება, მრავალფეროვნება და საზოგადოებრივი ინტერესი, საჯარო ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სარედაქციო დამოუკიდებლობა და სხვა. შესაბამისად, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება გადამწყვეტია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რათა მაუწყებელმა ეფექტიანად შეასრულოს მისი როლი, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი, მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება საზოგადებისთვის, ისე, რომ დაცულ იქნეს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საზმაუს დაფინანსების წესის ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის შეცვლის შემთხვევაში, მისი დაფინანსება პირდაპირ აღარ იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროპარამეტრებზე.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეადგენს 110,302.0 ათასს ლარს. ასევე ბიუჯეტის პროექტის თანდართულ დოკუმენტში, რომელიც მომდევნო სამ წელიწადში ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს განსაზღვრავს, საზმაუს დაფინანსება 2024-2027 წლისათვის პროგნოზირებულია:
- 2025 წელი – 119,520.0 ლარი
- 2026 წელი – 129,260.0 ლარი
- 2027 წელი – 139,800.0 ლარი
„კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს, ისე შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე შემცირების კუთხით, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის, ერთი მხრივ, მაუწყებლის წინაშე შესაძლო საშუალოვადიანი პერიოდისათვის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებზე და მეორე მხრივ, მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო დამატებით ფინანსურ რესურსებზე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა.
მისი ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი, ბექა ლილუაშვილი.
რა პოზიცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი მართებული არ არის.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. ერთი მხრივ, სარედაქციო დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, ფინანსური დამოუკიდებლობა, რადგან ეს ერთმანეთთან კორელაციაშია“, – ამბობს ის.
ბერძენიშვილის განცხადებით, საზმაუს დღეს დაფინანსების ევროპული მოდელი აქვს.
„ვსაუბრობთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის, 47 ქვეყნის 64 მაუწყებლის მაგალითზე და მარტივი კითხვაა, თუ არცერთ მათგანს არ აქვს დაფინანსების ასეთი წესი, რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა ჩვენ არ მოგვეცა ამ კითხვის დასმის და შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალება […] ევროპის საბჭოს მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი ქვეყნის შეფასებას ეხებოდა, ხაზგასმულია სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ის ფორმა, რომელიც ახლა არსებობს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი“, – ამბობს ის.
თინათინ ბერძენიშვილი საფრთხეს ხედავს, რომ ახალი წესის ამოქმედება რისკის ქვეშ დააყენებს საზმაუს მომავალ კონტრაქტებს.
„ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა ინდუსტრიულ, კრეატიულ სექტორთან, ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ გარე წარმოების კომპანიასთან და პარტნიორ ორგანიზაციასთან, ჩათვალეთ, რომ მათთან პარტნიორობას და ხელშეკრულებების გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ. ასევე, გავბედავ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მშენებლობა გვაქვს წამოწყებული პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება და ახლა მიღებული ეს ცვლილება, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უარყოფითად აისახება ამ ყველაფერზე“, – განაცხადა მან.
საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საჭიროა პარლამენტის წევრებთან დიალოგი და რისკების განხილვა.
ვასილ მაღლაფერიძეს მიაჩნია, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დადგება. მან კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი საბჭოთა კავშირში არსებულ მოდელსაც კი შეადარა.
„საკონსტიტუციო სასამართლოსაც, სახალხო დამცველსაც, პროკურატურასაც და პარლამენტსაც სპეციფიკური საქმიანობა აქვთ, იქ თანხა გამოიყოფა საწვავზე, გადაადგილებაზე და საოფისე სამუშაოა და ვინმეს ტელევიზია ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ეს საოფისე საქმიანობაა? აქ საოფისე საქმიანობა რომ უზრუნველყოფილია, მერე იწყება გადაცემები.
გადაცემები რომ იწყება, აი, ეს გადაცემები უნდა დასაბუთდეს. ამ კანონში არ წერია, არ ვიცი, გამორჩათ, არ იცოდნენ თუ არ გაითვალისწინეს, მაგრამ ვიღაც უნდა მივიდეს, შეიძლება დირექტორი, სამეურვეო საბჭო და ვიღაცებს, პირობითად, პარლამენტს ან სხვას უნდა დაუსაბუთონ გადაცემების შინაარსი.
ძალიან ყურადღებით ვუსმენდი და რამდენიმე პარლამენტარმა ახსენა, ჩვენ გამოვუყოფთ ფულსო. ესე იგი, რაღაცნაირად ხედავენ ამ მომენტს. შეიძლება, რომელიღაც დეპუტატს არ მოსწონს კონტენტი და ეს მისი უფლებაა, არ მოსწონდეს, რადგან არმოწონების თავისუფლებაც არის. ჩვენ ბევრ ადამიანს ვიპოვით, რომელსაც, შეიძლება, არც „ვეფხისტყაოსანი“ არ მოსწონდეს და, საერთოდ, არანაირი წიგნი არ მოსწონდეს, ასეთებიც გვინახავს, მაგრამ დეპუტატებს როგორ უნდა დავუსაბუთოთ გადაცემების შინაარსი? ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.
საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ რაც დამფინანსებელს მოეწონება, ის იქნება სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ დაფინანსების მოცულობაზე კი არ ვლაპარაკობთ, გვინდა, აი, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.