პროკურატურის განცხადებით, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყება ამბობს, რომ საქმე ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლას.
6 ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, ხოლო ერთს – ი.წ.-ს ამავე მუხლის მეორე ნაწილით:
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა – ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
6 ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ი.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს“, – წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყება ასევე აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება „დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.
28 ნომებრის შემდეგ ყოველდღიური საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არაერთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის, აქციაზე მუშაობის დროს დააკავეს და სცემეს „პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ამ საქმეებზე დღემდე არც ერთი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული.